Sunday, September 25, 2011

ახალი ბლოგი

ბროწეული ახალ ბლოგზე აგრძელებს პოსტვას http://brotseuli.wordpress.com

Sunday, August 28, 2011

რა ღირს სილამაზე?


ნაწილი მეორე

მოვლის საშუალებები
კოსმეტიკა


რადგან კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ძალიან დიდი არჩევანია, ამ ნაწილის ხარჯების დათვლა ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა მე საშუალო დონის და საშუალოზე მაღალი ხარისხის კოსმეტიკის ხარჯებს დავითვლი. ძირითადად, ჩემი ნივთების მიხედვით ვანგარიშობ. მოკლედ ასე, ყველაზე მთავარით დავიწყოთ :)

შამპუნი 16, ბალზამი 12, ტანის გელი 20, ლოსიონი 20, სახის დასაბანი 40, სახის დამატენიანებელი 45, ტონალური 45, რუმიანა 45, თმის მკვებავი 16, პილინგის მერე წასასმელი კრემი 170, ზღვის მარილი 8, დისკოები, აცეტონი და წვრილმანები 15, ტუჩის საცხი 50, ტუში და ფანქარი 50, საუნის კრემი 20, მზის კრემი 25.

აქედან ზოგი ყოვეთვიურია, ზოგი წელიწადში ერთიც საკმარისია, მთლიანად რომ დავიანგარიშოთ (ამით თავს არ შეგაწყენთ), სულ წელიწადში 1900 ლარი.

პროცედურები და მოვლის საშუალებები ერთად გამომივიდა 5000 ლარამდე, ანუ თვეში 415 ლარი დაახლოებით. ეს ხელმისაწვდომი რიცხვია დიდი ნაწილისთვის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მომსახურების სფეროში ხელფასი დაახლოებით იგივე რაოდენობისაა, ალბათ, მაინც ბევრისთვის თავის საშუალოდ მოვლა შეუძლებელია.
თუმცა, არსებობს შედარებით დაბალფასიანი კოსმეტიკა, Oriflame, Avon, რომელიც ძალიან პოპულარულია ქართველ ქალებში და ასე ახერხებენ თავის მოვლას.

Friday, August 19, 2011

რა ღირს სილამაზე?

ნაწილი პირველი

პროცედურები

მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვწუწუნებთ, რომ ვერ ვახერხებთ გავიკეთოთ ყველაფერი, რაც ქალს მოვლისთვის სჭირდება. ავდექით და ჩამოვწერეთ რა ჯდება თავის მოვლა. პროცედურები დავყავით ყოველთვიურად და წლიურად. ფასები აღებულია საშუალო სალონის შესაბამისი. ასე მაგალითად,
ყოველთვიური: წარბები (10x2=)20, მანიკური (8x4=)32, პედიკური 20, თმის შეჭრა 8, დავარცხნა (8x2=)16, ფიტნესი 120. 216
ყოველწლიური: ეპილაცია (ძალიან ინდივიდუალურია, პირადად მე 2010 წლის ზაფხულიდან დღემდე 320 ლარი მაქვს ეპილაციაზე დახარჯული. სავარაუდოდ, მეტს დავხარჯავ წელს, რადგან დიდ ზონებზე ლაზერით ბრძოლას ვგეგმავ :); პილინგი, სახის წმენდა, (80x3=)240; მასაჟი (15x15=)225;

სულ წელიწადში: 3057 ლარი + ეპილაცია

პ.ს. შემდეგი ნაწილი მოვლის საშუალებები :)

Saturday, July 23, 2011

ლეღვის რძით გარუჯვა აკრძალულია!

ლეღვის რძით გარუჯვის დროს დამწვარობის შემთხვევებს მედია თითქმის ყოველდღიურად აშუქებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რუჯის მიღების ამ ხერხის გამოყენებას მაინც აგრძელებენ. წელს დამწვრობის ცენტრმა 20 ასეთ პაციენტს უმკურნალა. ლეღვის რძით გარუჯვა დამწვრობის გარდა ლაქებს და სხვა გართულებებს იწვევს. ექიმები გარუჯვის ასეთ ფორმებს კატეგორიულად კრძალავენ და ახალგაზრდებს რუჯის მიღების წესების დაცვას ურჩევენ.

„ასეთი მეთოდების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. არ შეიძლება, რადგან დამწვრობასთან ერთად რიგი დაავადებების გამოწვევა შეუძლია. აუცილებელია მზისგან დამცავი საცხების მოხმარება, რათა შემდგომი გართულებები იქნეს თავიდან აცილებული. ასეთი მეთოდები კი უფრო მეტად აჩქარებს პროცესს და შედეგად კანის სერიოზულ დამწვრობას ვიღებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანმა კანის ფერის, თვალისა და თმის ფერის შესაბამისად უნდა მოიხმაროს დამცავი საშუალებები, არატრადიციული გზებით გარუჯვის დაჩქარება დაუშვებელია. ამასთანავე, ასეთი საშუალებები იწვევს კანზე ლაქების მასიურ გაჩენას. არ შეიძლება ჭარბხალიანობის შემთხვევაში მზის გულზე დიდი ხნით გაჩერება, მით უმეტეს ისეთი საშულებებით კანის ფერის შეცვლა, რომელსაც არატრადიციულს და ხალხურს უწოდებენ.“ – აღნიშნა „პრესა.ჯი”- სთან საუბარში ექიმმა–დერმატოლოგმა, ლია ჭითანავამ.

ნახეთ itv.ge-ს სიუჟეტი ამ თემაზე
iTV.ge | კანის გარუჯვას შეწირული ჯანმრთელობა

Sunday, July 3, 2011

სტუდენტური აქცია Bodyline-ში

დღეს Bodyline-დან დამირეკეს და მითხრეს 10 ლარიანი სასაჩუქრე ბარათის და უფასო კონსულტაციის მისაღებად მივსულიყავი. იმის გამო, რომ შეხვედრაზე ვიყავი და ლაპარაკი არ შემეძლო და რომც შემეძლებოდა, ოპერატორი ისეთი სისწრაფით მელაპარაკებოდა, ეჭვი მაქვს ვერ ჩავუგდებდი სიტყვას, საღამოს საიტზე შევედი, რომ მათ მომსახურებას გავცნობოდი და რაიმე პროცედურა დამეგეგმა. საიტზე ასეთ განცხადებას გადავაწყდი:

ზაფხულის დადგომასთან ერთად Bodyline-ი სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს სტუდენტებს

10 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი ყველა სტუდენტს!
მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ ფილიალში თქვენი უნივერსიტეტის სახელით და მიიღეთ 10 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და უფასო კონსულტაცია.
ბარათის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც ლაზერულ ეპილაციაზე, ასევე ნებისმიერი სახის კოსმეტოლოგიურ მომსახურებაზე


10 ლარი ბევრი არ არის, მაგრამ როცა ისედაც იკეთებ ეპილაციას, გარკვეული ფასდაკლება ცუდი არ არის, თანაც, როგორც ვიცი, კონსულტაცია ზოგ ცენტრში ფასიანია.

Bodyline-ის მისამართი:

2 კეკელიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
41 ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
ტელ: 306 - 306, 25 25 51, ​​მობ: 874 75 30 70
info@bodyline.ge

Thursday, June 30, 2011

”ნატალი” ბათუმში


ივლისის ბოლოდან სალონ ”ნატალის” ბათუმშიც შეგიძლიათ ეწვიოთ. სასტუმრო “შერატონში” სილამაზის სალონის თბილისის ქსელებში არსებული ყველა მომსახურებით შეძლებთ სარგებლობას.

დამატებით სალონში მოეწყობა სპა ცენტრი, რომელიც “ჯერმანი ბე კაპუჩინოსთან“ თანამშრომლობით ერთ კვირაში გაიხსნება. მსურველებს სხვადასხვა სახის მასაჟებს ჩაუტარებენ.
მასაჟების ფასებს ”რადიო ქალაქი” აქვეყნებს:კლასიკური მასაჟის ღირებულება, ერთი საათი 95 ლარს შეადგენს, ხოლო გასახსომი მასაჟის - 165 ლარს, სახის და ტანის მარგალიტის მასაჟი 260 ლარი ღირს, სარიტუალო კი - 200 ლარი.

ბათუმის ”ნატალიში” არ იფუნქციონირებს მხოლოდ სილამაზის აკადემია.
ახალ სალონში მომსახურების ღირებულება და პირობები იგივე იქნება, რაც თბილისში.

Sunday, June 26, 2011

კოსმეტიკისა და ესთეტიკური მედიცინის გამოფენა


57 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი 90-მდე კომპანიისა და საწარმოს დანადგარები სილამაზისა და მედიცინის სფეროდან, ალბათ, ის ადგილია, სადაც beauty blog-ის ავტორი საათებს უნდა ატარებდეს. მე კი 23 ივნისს დაწყებულ გამოფენაზე, მხოლოდ დღეს, დახურვამდე ბოლო ორი საათით ადრე მომიწია შერბენა.
მოკლედ, 23-26 ივნისს საგამოფენო ცენტრმა ”ექსპო ჯორჯია” კოსმეტიკისა და ესთეტიკური მედიცინის მე-6 სართაშორისო გამოფენას უმასპინძლა.
გამოფენაზე იყო როგორც ქართული, ისე უცხოური პროდუქცია.

ბევრი პროდუქციის გაცნობა ვეღარ მოვასწარი. რამდენიმეს გაგიზიარებთ.

დღეს პირველად გავიგე BaobabLife-ს შესახებ, რომელსაც კოსმეტიკური ხაზიდან ნაოჭსაწინააღმდეგო საშუალებები ჰქონდა წარმოდგენილი. კომპანიის წარმომადგნლების თქმით, პროდუქცია ბუნებრივია და მომხმარებელი შედეგს უმოკლეს ვადაში ხედავს. უფრო მეტს შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე.

ნატურალურ კოსმეტიკის სტატუსით იყო წარმოდგენილი ლიტვური კოსმეტიკა Dzintars, რომელსაც ოდეკოლონები, სუნამო, სახის კრემები, მზის დამცავები, თმის და ფრჩხილების მოვლის, ლაქების, ტონალური კრემების, პომადებისა და ტუშების ფართო არჩევანი ჰქონდა, ფასი - საკმაოდ დაბალი.



გამოფენაზე რომ მივედი, ბევრი სტენდი ალაგებული იყო, მაგრამ რაც ვნახე, ძვირადღირებული კოსმეტიკა არც ერთი არ იყო.
მყიდველები კი საკმაოდ ჩანდნენ, თანაც გამოფენიდან ხელცარიელი თითქმის არავინ გადიოდა.